logo
ENG



"ვერც ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მივიღე​" - ლონდა თოლორაიამ კომიტეტის სხდომა დატოვა

28 დეკ 202115:01
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, პროტესტის ნიშნად დატოვა. 

დარბაზის დატოვებამდე მან კანონპროექტის ინიციატორებს მიმართა:

"დაგტოვებთ თქვენი ნებართვით, ვერც ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მივიღე", - თქვა თოლორაიამ.

მანამდე, ლონდა თოლორაიამ მმართველ გუნდს კონკრეტული კითხვებით მიმართა

მან თქვა, რომ თუ სამსახურის გაყოფით გაძლიერდება საგამოძიებო მიმართულება, რატომ არაა გათვალისწინებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები. 

"მაინტერესებს, თუ ეს მუხლი ქმედითია და ქმედითად ვამატებთ, რატომ ვერ გავუბედეთ გენერალურ პროკურატურას, რომ პროკურორებიც მოგეცვათ და პროკურორების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოეძიებინა სამსახურს. მაშინ, როცა გაუბედეთ სახელმწიფო ინსპექტორს ის, რომ 288 გვერდი კანონპროექტი ისე დაწერეთ, რომ ერთი შეკითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაგისვამთ. ლონდა, ან ასე ვაკეთებთ, კარგად ვაკეთებთ, ცუდად ვაკეთებთ. იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ კანონპროექტს? რატომ ჩაითვალა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ისე უმნიშვნელოდ, რომ არც ერთი შეკითხვა არ დაგისვამთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა თოლორაიამ სხდომაზე.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა